BotAI.ge პაკეტები დაწყება
ზოგადი წესები

რამდენი, როგორ და რატომ

აქ იმას ვწერთ, რითიც სერვისი რეალურად მუშაობს — ისე, როგორც კოდშია ჩადებული. გადახდა, მონაცემი და ის, რაც გადახდის შეწყვეტის შემდეგ ხდება: რამდენი, როგორ იზომება და რატომ სწორედ ასე.

1

გადახდა და ბარათი

ფასს ლარში ვწერთ და ლარში ვიღებთ. პაკეტს და გადახდას კაბინეტიდან თავად აყენებთ, როცა გადაწყვეტთ. ბარათის ნომერი ჩვენამდე არ აღწევს — მას გადახდის სისტემა ინახავს და ჩვენთან მხოლოდ ბოლო ოთხი ციფრი, ბარათის ტიპი და ვადა რჩება.

7 დღე უფასოდ — პაკეტის არჩევისა და ბარათის დადასტურების შემდეგ

უფასო პერიოდი

7-დღიანი უფასო პერიოდი სამ პირობას ითხოვს: პაკეტის არჩევა, ნამდვილი ბარათი და დადასტურებული ელ-ფოსტა. სამივე რომ სრულდება, უფასო დღეები იმ წამს იწყება.

დღეს არაფერი ჩამოიჭრება — 1 ₾ დროებით იბლოკება ბარათის შესამოწმებლად და უკან გიბრუნდებათ — ბლოკს ბანკი თავადვე ხსნის და ეს თანხა არ გადაირიცხება. უფასო დღეების განმავლობაში ჩამოსაჭრელი არაფერია; პირველი გადახდა 7 დღის შემდეგ ხდება, არჩეული პაკეტის ფასით. თუ ამ დრომდე კაბინეტიდან გააუქმებთ, არაფერი ჩამოიჭრება.

უფასო პერიოდი ერთხელ ეძლევა თითოეულ ადამიანს. ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ის უკვე გამოყენებულია, ანგარიშთან ერთად არ იშლება — ამიტომ ანგარიშის წაშლა და ხელახლა რეგისტრაცია ახალ უფასო დღეებს არ მოგცემთ. თუ ფიქრობთ, რომ აქ შეცდომაა, მოგვწერეთ და გადავამოწმებთ.

თვიური და წლიური

თვიური გადახდა ყოველთვე მეორდება იმავე რიცხვში. წლიურს ერთხელ იხდით და ის 20%-ით იაფია, ვიდრე იგივე თორმეტი თვე ცალ-ცალკე.

იგივე ფასდაკლება კორპორატიულ პაკეტზეც მოქმედებს. აქ თანხა თქვენს შერჩეულ მოცულობაზეა დათვლილი, ამიტომ წლიური გადახდაც სწორედ ამ თანხიდან გამოითვლება. მოცულობას თუ ინდივიდუალურად ვათანხმებთ, პირობებსაც ერთად შევათანხმებთ.

ფასზე დღგ არ ერიცხება

გვერდზე გამოქვეყნებული ფასი ზუსტად ის თანხაა, რომელიც ბარათს ჩამოეჭრება: დამატებული ღირებულების გადასახადი მას არ ერიცხება. მიზეზი ისაა, რომ სერვისს ინდივიდუალური მეწარმე ეწევა და დღგ-ის გადამხდელად ჯერ არ ვართ რეგისტრირებული — წლიურმა ბრუნვამ კანონით დადგენილ ზღვარს ჯერ არ მიაღწია.

როცა ეს ზღვარი გადაილახება და დღგ-ის გადამხდელად დავრეგისტრირდებით, გადასახადი გამოქვეყნებულ ფასს ზემოდან დაემატება და მასში არ ჩაჯდება: სერვისის საფასური იგივე რჩება, გადასახდელი თანხა კი გადასახადის ოდენობით გაიზრდება. განაკვეთს კანონი ადგენს და არა ჩვენ.

ეს უხმოდ არ მოხდება. ცვლილებას წინასწარ გაცნობებთ — იმავე წესით, რომლითაც პირობების შეცვლას (იხ. როგორ იცვლება ეს პირობები) — და ის მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდება. მანამდე ძალაშია ის ფასი, რომელიც გვერდზე წერია: რასაც ხედავთ, იმას იხდით.

რატომ ვწერთ ამას ახლა და არა მაშინ

იმიტომ რომ გადასახადის დამატება ანგარიშში ფასის ზრდად ჩანს — მაშინაც, როცა ის ჩვენი გადაწყვეტილება არაა. ვინც ამას წინასწარ წაიკითხავს, მისთვის ეს ცვლილება მოულოდნელი აღარ იქნება; ვისაც არავინ გააფრთხილა, ის სამართლიანად იფიქრებს, რომ ფასი ჩუმად გავზარდეთ.

დამატებითი შეტყობინების პაკეტი: ორი სხვადასხვა რამ

ერთი სახელი, ორი სრულიად სხვადასხვა ქცევა — და სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაზე ადვილია გაუგებრობა:

  • ერთჯერადი — ბარათს მაშინვე ჩამოეჭრება და შეტყობინება იმავე წამს ემატება თვის ლიმიტს. ეს ის შემთხვევაა, როცა დღეს გელევათ.
  • ყოველთვიური — შეძენისას არაფერი ჩამოიჭრება და ლიმიტიც არ იზრდება. ის მომდევნო გადახდას ემატება: პაკეტისა და პაკეტის თანხა ერთად, ერთი ჩამოჭრით ჩამოგეჭრებათ, და შეტყობინებაც სწორედ მაშინ ჩნდება. ერთი ასეთი შეთანხმება 10 პაკეტამდე იზრდება; მეტი უკვე უფრო დიდი პაკეტის საკითხია.
  • გაუქმება უკან არაფერს იბრუნებს. უკვე გადახდილი თვე ბოლო დღემდე თქვენია — პატარავდება მხოლოდ მომდევნო გადახდა.
რატომ ასე

იმიტომ რომ ერთი გამოწერისთვის ორ სხვადასხვა დღეს ჩამოჭრილი ორი თანხა ორჯერ მეტი შანსია, რომ ბარათმა უარი თქვას, და ორი ცალკე ამბავი ერთი და იმავე კლიენტის გადაუხდელობაზე. ერთი გადახდა ის რამაა, რაც ხმამაღლა ითქმის: „მომდევნო ანგარიშში დაგემატებათ“.

პაკეტის შეცვლა: აწევა ერთია, შემცირება — სხვა

ერთი ღილაკი, ორი სხვადასხვა ქცევა — ზუსტად ისე, როგორც შეტყობინების პაკეტთან ზემოთ:

  • აწევა მაშინვე მოქმედებს. ბარათს მაშინვე ჩამოეჭრება მხოლოდ ფასების სხვაობა — ისიც არა მთელ თვეზე, არამედ იმ დღეებზე, რაც გადახდილ პერიოდში დაგრჩათ. ახალი ლიმიტი კი იმავე წამს სრულად ამოქმედდება, დაჭრილი არა. გადახდის თარიღი არ იცვლება — მომდევნო სრული თანხა ისევ იმავე დღეს ჩამოგეჭრებათ.
  • შემცირება გადახდილი პერიოდის ბოლოს ამოქმედდება. დღეს არაფერი იცვლება: ლიმიტიც, არხებიც და დამატებებიც ისეთივე რჩება, როგორიც არის. უკან არაფერს ვაბრუნებთ — გადახდილი თვე ბოლო დღემდე თქვენია, პატარავდება მხოლოდ მომდევნო გადახდა.
  • დადასტურებამდე გაჩვენებთ, რაც გაითიშება. სახელდებით — რომელი არხი, რომელი შესაძლებლობა, რა ხდება იმ დამატებას, რომელიც პაკეტში იყო ჩაშენებული, და რა ლიმიტი დაგრჩებათ იმის გათვალისწინებით, რაც ამ თვეში უკვე დახარჯეთ. გადაწყვეტილება თქვენია; ჩვენი საქმეა, რომ მერე მოულოდნელობა არ იყოს.
  • გადადებული შემცირება გაუქმებადია. სანამ ის დღე დადგება, კაბინეტიდან ერთი ღილაკით უკან იბრუნებთ.
რატომ ასე

იმიტომ რომ დათვლილი შეტყობინება უკვე დახარჯულია. პაკეტს რომ იმავე წამს დავწევდეთ, თვის შუაში ლიმიტგადაცილებული აღმოჩნდებოდით და ასისტენტი დადუმდებოდა — სწორედ იმ თვეში, რომელშიც მაღალი პაკეტი გადაიხადეთ. ამას ფულით ვეღარ გამოასწორებ, ამიტომ შემცირებას იმ დღემდე ვაცდით, როცა ახალი, დაბალი თანხაც ჩამოიჭრება.

რას გიჭრით და რას — არა

  • ლიმიტის გადაცილება ცალკე თანხა არ არის — ლიმიტი ზღვარია და არა ჯარიმა.
  • დამატებული სერვისი ცალკე ითვლება. ის ერთ ასისტენტზე იყიდება — ათი ასისტენტი ათჯერ მეტი სამუშაოა, არა იგივე.
  • ყოველი გადახდა ინვოისად ჩანს. კაბინეტში ნახავთ სიას, არჩეულ პერიოდზე კი ერთიან ამონაწერს PDF-ად ჩამოტვირთავთ.

თანხის დაბრუნება — მოთხოვნის საფუძველზე

დაბრუნება ავტომატური არაა და თავისით არასდროს ხდება: მას თქვენ ითხოვთ, ჩვენ განვიხილავთ და, თუ დავეთანხმებით, ხელით ვაბრუნებთ. სისტემაში დაბრუნების ღილაკი არსად არის — არც თქვენთან და არც ჩვენთან.

  • როგორ ითხოვთ. მოგვწერეთ იმ ელ-ფოსტიდან, რომლითაც ანგარიში გაქვთ, და მიუთითეთ, რომელ გადახდაზეა საუბარი და რა მოხდა. ინვოისი კაბინეტშივეა.
  • რას ვუყურებთ. რა შეიძინეთ, რამდენად ისარგებლეთ ნაყიდით და რის გამო მოხდა ასე. თუ ხარვეზი ჩვენი მხრიდანაა, ეს პასუხზე აისახება.
  • რას იღებთ. წერილობით პასუხს — დიახ თუ არა, მიზეზთან ერთად — მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში. სამუშაო დღე იმას ნიშნავს, რომ შაბათ-კვირა და უქმე დღე ამ ვადაში არ ჩაითვლება. ვადის ამოწურვამდე გელოდებათ გადაწყვეტილება და არა შეტყობინება, რომ განხილვა დაიწყო.
  • რას ნიშნავს „დიახ“. თანხა იმავე ბარათზე ბრუნდება, საიდანაც გადაიხადეთ, და ინვოისებში ცალკე სტრიქონად ჩნდება. ვწერთ ზუსტად იმ ოდენობას, რომელიც რეალურად დაბრუნდა; მიახლოებით არაფერს.

რაც ამ წესს არ აქვს: ავტომატური უფლება და ვადა, რომლის შიგნითაც თანხა უპირობოდ ბრუნდება. ზემოთ დათქმული ვადა პასუხს ეხება — ის გვავალდებულებს, გიპასუხოთ, და არა დაგიბრუნოთ. კანონით მინიჭებულ უფლებას ეს პუნქტი არ ზღუდავს.

რატომ ასე

იმიტომ რომ დახარჯული შეტყობინება უკან აღარ ბრუნდება. ერთჯერადი პაკეტი ლიმიტს შეძენისთანავე ზრდის და მისი გახარჯვა იმავე დღეს შეიძლება — ავტომატური დაბრუნება აქ იმას ნიშნავდა, რომ სერვისიც მიიღეს და ფულიც უკან წაიღეს.

და იმიტომ, რომ საცდელი პერიოდი სწორედ იმისთვისაა, რომ გადახდამდე ნახოთ, გამოგადგებათ თუ არა. მის შემდეგ ცოცხალი ადამიანის შეხედულება უფრო სამართლიანია, ვიდრე კალენდარში დადებული რიცხვი, რომელიც თანხას თავისით აბრუნებს: ჩვენი ხარვეზი და გადაფიქრება ერთი და იმავე წესით არ იზომება. პასუხის ლოდინი კი შეხედულების საკითხი არაა — ამიტომ მას ვადა აქვს.

თქვენი კლიენტის ფული თქვენია

თუ ასისტენტი გადახდის ბმულს უგზავნის თქვენს კლიენტს, ეს გადახდა თქვენს საკუთარ ანგარიშზე ჩამოდის — ჩვენ მას ხელს არ ვახლებთ და გზაში არ ვიჭერთ. ჩვენ მხოლოდ ბმულს ვქმნით თქვენივე გასაღებით.

პროდუქტის ფასს ასისტენტი იმ ვალუტაში ამბობს, რომელშიც კატალოგში ჩაწერეთ, და ვალუტას არასოდეს გადაჰყავს. დღევანდელი კურსი ჩვენთვის უცნობია, მოდელის მოგონილი კურსი კი რიცხვია, რომელსაც თქვენი კლიენტი მოქმედებაში გაატარებს.

2

როცა გადახდა ჩერდება

ეს თავი იმისთვისაა, რომ თანმიმდევრობა მანამდე წაიკითხოთ, სანამ თავს დაგატყდებათ. აქ სამი სხვადასხვა ვადაა და ისინი ერთმანეთს მოსდევს.

30 დღე ასისტენტის გაჩუმებიდან, სანამ მისი შიგთავსი წაიშლება

პირველი უარი დასასრული არ არის

თუ ბარათმა უარი თქვა, გამოწერა მაშინვე არ წყდება: პირველი უარიდან კიდევ 4-ჯერ ვცდით — 1, 3, 5 და 7 დღის თავზე. წერილს ორჯერ მიიღებთ: პირველივე უარზე და ბოლო ცდის დანიშვნისას, ანუ მაშინ, როცა ერთი შანსი კიდევ დარჩენილია.

რატომ ორი წერილი და არა ოთხი

იმიტომ რომ ერთ კვირაში მიღებული ოთხი თითქმის ერთნაირი გაფრთხილება სისტემის გაუმართაობად იკითხება და არა ბარათის პრობლემად. ვინც მესამეს უგულებელყოფს, მეოთხესაც უგულებელყოფს — ეს კი სწორედ ის წერილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს.

როდის ჩუმდება ასისტენტი

  • როცა გადახდა წესრიგშია — პერიოდის დასრულებიდან კიდევ 3 დღე პასუხობს.
  • ბარათმა უარი თქვა — პასუხობს მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ფულს ვცდილობთ: პირველი უარიდან 8 დღე.
  • გამოწერა გააუქმეთ — უკვე გადახდილი პერიოდის ბოლო დღემდე პასუხობს. გაუქმება შუა თვეში ასისტენტს არ თიშავს.
რატომ ასე

იმიტომ რომ ასისტენტის გამორთვა მაშინ, როცა ბარათს ჯერ კიდევ ვცდით, ორივე მხრიდან ცუდია: სერვისსაც კარგავთ და ფულის ჩამოჭრასაც ელოდებით. თუ მომდევნო ცდა გამოვიდა, გამორთვა უბრალოდ ზედმეტი აღმოჩნდა.

გაჩუმებული ასისტენტი: ერთი თვე

ასისტენტის გაჩუმებიდან 30 დღეში მისი შიგთავსი იშლება. 7 დღით ადრე ელ-ფოსტაზე გაფრთხილებას მიიღებთ. ათვლა იმ წამიდან იწყება, როცა ასისტენტმა პასუხის გაცემა შეწყვიტა — არა პერიოდის დასრულებიდან: ამ ორს შორის კიდევ დგას ის დრო, რომელშიც ბარათს ვცდილობდით.

  • იშლება: ცოდნის ბაზა, მიმოწერა და კატალოგი — ის, რაც ასისტენტმა იცოდა და ის, ვისაც ესაუბრა.
  • რჩება ანგარიში: შესვლა, ინვოისი და გადახდის ისტორია ხელუხლებელია.
  • რჩება თავად ასისტენტიც, გამორთული. საიტზე ჩასმული ვიჯეტი და არხების მისამართი არ იმტვრევა, ასე რომ დაბრუნება „თავიდან ყველაფრის აწყობას“ არ ნიშნავს.
  • უკან დაბრუნება არ არსებობს. წაშლილი შიგთავსი აღდგენას არ ექვემდებარება — არც ჩვენი თხოვნით და არც თქვენით.

ვის არ ეხება ეს

ვისაც გადახდა არასოდეს დაუწყია. უფასო 50 შეტყობინებაზე მყოფი ანგარიშის ნამუშევარს არ ვშლით: ასეთმა ადამიანმა გადახდა არ შეწყვიტა — მან ის არც დაუწყია, და ჯერ კიდევ ფიქრობს.

დამატებული სერვისის ვადა ცალკე იწურება

თუ დამატებული სერვისის გადახდა შეწყდა, ის მაშინვე არ ქრება: 30 დღე მისი მონაცემი ხელუხლებელი რჩება. ამ ვადის შემდეგ პროდუქციის სერვისს თავისი კატალოგი და მაღაზიის მონაცემი მიჰყვება; მართული ასისტენტის შემთხვევაში კი არაფერი იშლება — ასისტენტი უბრალოდ ითიშება და დაბრუნებისას ისეთივე დახვდებათ, როგორიც დატოვეთ.

3

მონაცემები და კონფიდენციალურობა

აქ ორ სხვადასხვა ადამიანზეა საუბარი: თქვენზე, ვინც ანგარიშს ფლობს, და თქვენს კლიენტზე, ვინც ასისტენტს წერს. მეორის მონაცემი ჩვენთან თქვენი სახელით ინახება.

რას ვინახავთ

  • მიმოწერა — მომხმარებლის ტექსტი და ასისტენტის პასუხი, არხის მითითებით და იმ იდენტიფიკატორით, რომლითაც არხმა ეს ადამიანი გამოგვარჩია.
  • ცოდნის ბაზა — ის, რაც ასისტენტს თქვენ ასწავლეთ.
  • ჯავშანი — სახელი, ტელეფონი და, საიტიდან ჯავშნისას, ელ-ფოსტა; ასევე ის, მოვიდა თუ არა ადამიანი.
  • CRM ჩანაწერი — თქვენი კლიენტის ეტაპი, თანამშრომლის მიერ დაწერილი შენიშვნა მასზე და, თუ ასისტენტმა ჩაინიშნა, მისი სახელი, ტელეფონი და ინტერესი.
  • შეფასება, მოლოდინის სია და ოპერატორთან გადაბარების ისტორია.
  • Google Calendar-ის კავშირი — თუ კალენდარს დააკავშირებთ: Google-ის ანგარიშის ელ-ფოსტის მისამართი და დაშიფრული წვდომის (refresh) ტოკენი. ტოკენს მხოლოდ იმისთვის ვიყენებთ, რომ თქვენ მიერ არჩეულ კალენდარში დაკავებული და თავისუფალი დრო წავიკითხეთ, ჯავშნის ჩანაწერი შევიქმნეთ და, საჭიროებისას, წავშალეთ. კავშირის გათიშვისას ორივე იშლება.

პასუხს ენის მოდელი წერს, და ის ჩვენი არ არის

ასისტენტი პასუხს ადგილზე არ იგონებს — მომხმარებლის ტექსტი, ასისტენტის ინსტრუქცია და მიმოწერის ბოლო ნაწილი გარე მომწოდებელთან იგზავნება, რომელიც ტექსტს ამუშავებს და პასუხს გვიბრუნებს. ამის გარეშე პასუხი არ არსებობს. ეს არჩევანი კი არაა, არამედ ის, თუ როგორ მუშაობს პროდუქტი.

იგზავნება მხოლოდ ის, რაც პასუხს სჭირდება: ასისტენტის ინსტრუქცია, ცოდნის ბაზისა და კატალოგის შესაბამისი ნაწილი, მიმოწერის ბოლო ნაწილი, მომხმარებლის ტექსტი — და მასში ის პირადი დეტალიც, რაც მან თავად დაწერა. თქვენი პაროლი, ინვოისი და ბარათი იქ არ მიდის.

დღეს ეს მომწოდებელი Google-ია: ასისტენტი Gemini-ის მოდელზე მუშაობს და ჩვენი ანგარიში ფასიანია. სწორედ ეს უკანასკნელი დეტალია აქ მთავარი — Google ფასიან დონეზე გატარებულ ტექსტს საკუთარი მოდელის სასწავლად არ იყენებს; უფასო დონეზე კი იყენებს. ჩვენი ანგარიში ფასიან მხარესაა.

ჩვენი მხრიდან სამი ვალდებულება: მონაცემს არავის ვყიდით; მას არც ჩვენი რეკლამისთვის და არც სხვისი ასისტენტისთვის არ ვიყენებთ; და მომწოდებლის შეცვლისას იმავე წესით გატყობინებთ, რომლითაც პირობების ცვლილებას — იხ. პირობების შეცვლა.

სახელი დღევანდელია და სამუდამო არაა: ჩვენს კოდში მოდელი, მისამართი და გასაღები პარამეტრია და არა უცვლელი მუდმივა, ამიტომ მომწოდებლის შეცვლა ტექნიკურად შესაძლებელია. რაც შეცვლისას არ იცვლება, თავად პირობაა: ვისთანაც არ უნდა მუშავდებოდეს ტექსტი, ის სხვისი მოდელის სასწავლად არ გამოიყენება — და შეცვლის შესახებ წინასწარ შეიტყობთ, ზემოთ დათქმული წესით.

რასაც აქ განზრახ არ ვწერთ: რამდენ ხანს ინახავს გადაგზავნილ ტექსტს თავად მომწოდებელი და რომელ ქვეყანაშია მისი სერვერი. ეს მასთან დადებული ხელშეკრულების საკითხია და, სანამ ის სტრიქონ-სტრიქონ არ იქნება წაკითხული, აქ არც ვადა დაიწერება და არც ქვეყანა. ჩვენი მხრიდან შენახვის ვადა ქვემოთ წერია — იხ. „რამდენ ხანს ვინახავთ“ — ჩვენივე ბაზის ადგილი კი იქვე, ქვემოთ.

რამდენ ხანს ვინახავთ

ნაგულისხმევად — 180 დღე. ვადა თითოეულ შეტყობინებას ცალკე ეთვლება მისი გაგზავნიდან, ამიტომ გრძელი მიმოწერის დასაწყისი წაიშლება მაშინაც, როცა საუბარი გრძელდება. სხვა ვადა კორპორატიულ პაკეტში დაგვიწესეთ; უფრო ადრე წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

კორპორატიულ პაკეტში თითოეულ ასისტენტს საკუთარი ვადა შეგიძლიათ დაუწესოთ — 1 დღიდან 1 095 დღემდე. ამ ვადაზე ძველი მიმოწერა ავტომატურად იშლება.

ვადა მხოლოდ მიმოწერას ეხება. ჯავშანი, CRM ჩანაწერი და შეფასება რჩება: ეს გარიგების ჩანაწერია და არა საუბრის ჩანაწერი, ამიტომ მიმოწერაზე დაწესებული ვადა მათზე თავისთავად არ ვრცელდება.

რატომ ასე

იმიტომ რომ ცარიელი ველი და ნული ერთსა და იმავეს ნიშნავს: „ვადა არ მიმითითებია“. ნული სწორედ ის რიცხვია, რომელსაც გასუფთავებული ველი აგზავნის, და მისი პირდაპირი წაკითხვა — „არაფერი შეინახო“ — მთელ ისტორიას წაშლიდა იმის გამო, რომ ვიღაცამ ველი გაასუფთავა.

ერთი მიმოწერა უსასრულოდ არ გროვდება

ერთ ადამიანთან მიმოწერა მხოლოდ უახლესი ნაწილით შემოიფარგლება: როცა ახალი შეტყობინება ემატება, ყველაზე ძველი ავტომატურად იშლება. ეს ჩვენი ტექნიკური ზღვარია და შენახვის ვადისგან დამოუკიდებლად მოქმედებს — ანუ ძალიან გრძელი მიმოწერის დასაწყისი ვადის გასვლამდეც შეიძლება აღარ იყოს.

რას იღებთ უკან

  • ერთი ადამიანის სრული ამონაწერი — მისი მიმოწერა, ჯავშანი, გადაბარება, შეფასება, მოლოდინის სია და CRM ჩანაწერი ერთ ფაილად, კაბინეტიდან. სწორედ ეს არის ის, რასაც თქვენი კლიენტი ითხოვს, როცა კითხულობს „რა გაქვთ ჩემზე“.
  • იმავე ადგილიდან — წაშლა. ამ ადამიანის მონაცემი მთლიანად იშლება. კალენდარში დაჯავშნილ ჩანაწერს ჩვენ ვაუქმებთ მხოლოდ მაშინ, როცა Google Calendar-თან კავშირი აქტიურია. თუ კავშირი გათიშეთ ან წვდომა Google-ის მხრიდან გააუქმეთ, კალენდარში უკვე ჩაწერილი ჩანაწერი თქვენს განკარგულებაში რჩება და მისი წაშლა თქვენ გევალებათ.
  • მთელი მიმოწერა CSV-ად — კორპორატიულ პაკეტში. ფაილი Excel-ითაც იხსნება და ქართული ტექსტი მასში არ ფუჭდება.

ვინ ხედავს ამ მონაცემს

  • თქვენი გუნდი — კაბინეტიდან, იმ უფლებით, რაც თქვენ მიეცით.
  • ჩვენ — მაშინ, როცა საქმეს სხვაგვარად ვერ ვაკეთებთ. სამი შემთხვევაა: თქვენ თვითონ მოგვმართავთ პრობლემით; მართული ასისტენტი შეიძინეთ და შიგთავსზე ჩვენ ვმუშაობთ; ან ხარვეზს თუ ბოროტად გამოყენებას ვარკვევთ. სხვა დროს მიმოწერას არ ვკითხულობთ.
  • სხვა კლიენტი — არასდროს. ერთი ანგარიშის მონაცემი მეორისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
  • არავინ, ვინც ამას ყიდულობს. მიმოწერას, ჯავშანსა და კონტაქტს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვაწვდით არავის.

მაღაზიის ინტეგრაციის გასაღები დაშიფრულად ინახება და კაბინეტში უკან აღარ ჩანს — შენახვის შემდეგ მას ვერც თქვენ წაიკითხავთ და ვერც ეკრანი.

დამმუშავებელი თქვენ ხართ, უფლებამოსილი პირი — ჩვენ

თქვენი მომხმარებლის მონაცემზე ორი მხარეა და მათი როლი ერთი და იგივე არაა. დამმუშავებელი თქვენ ხართ: თქვენ წყვეტთ, რისთვის გჭირდებათ მისი სახელი, ნომერი თუ ჯავშანი და რა ხდება მათ შემდეგ. ჩვენ უფლებამოსილი პირი ვართ — იმავე მონაცემს მხოლოდ თქვენი დავალებით და მხოლოდ თქვენთვის ვამუშავებთ.

  • თქვენ პასუხს თქვენს მომხმარებელს აგებთ იმაზე, რას აგროვებთ, რისთვის და რა საფუძვლით. მისი მოთხოვნაც — „რა გაქვთ ჩემზე“ და „წაშალეთ“ — პირველად თქვენთან მიდის; ორივესთვის ღილაკი კაბინეტშია (იხ. ზემოთ, „რას იღებთ უკან“).
  • ჩვენ პასუხს თქვენ გაგებთ სამ რამეზე: რომ ამ მონაცემს მხოლოდ თქვენი დავალებით შევეხოთ; რომ ის სხვა კლიენტის მონაცემს არ შეერიოს და მისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს; და რომ ხარვეზი არ დაგიმალოთ.
  • გაჟონვისას — 72 საათი. თუ გავიგებთ, რომ მონაცემი იქ აღმოჩნდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მას შემდეგ რაც ეს ჩვენთვის ცნობილი გახდება, 72 საათში გატყობინებთ: რა მოხდა, რას შეეხო და რას ვაკეთებთ. იგივე ვადა თქვენს მხარესაც მოქმედებს — თუ ასეთი რამ თქვენს გუნდში მოხდა, ჩვენც იმავე ვადაში უნდა გავიგოთ.
რატომ ასე

იმიტომ რომ მიზანს ჩვენ არ ვირჩევთ. ვის რას სთხოვთ და რისთვის, თქვენი ბიზნესის საკითხია — ჩვენ იმ ინსტრუმენტს ვაძლევთ, რომლის ჩართვა-გამორთვაც თქვენვე შეგიძლიათ. ვინც მიზანს ირჩევს, პასუხსაც ის აგებს; ვინც ასრულებს, პასუხს იმას აგებს, ვინც დაავალა.

სად ინახება ეს მონაცემი. ბაზა, რომელშიც მიმოწერა, ჯავშანი, CRM ჩანაწერი და დანარჩენი ჩამონათვალი წევს, ევროკავშირშია — ირლანდიაში. ეს ბაზის ადგილია და არა მთელი გზისა: ის, რაც ენის მოდელს ეგზავნება, მომწოდებელთან თავისი წესით მუშავდება — იხ. ზემოთ, „პასუხს ენის მოდელი წერს, და ის ჩვენი არ არის“.

ადგილი პარამეტრია და არა ბუნების კანონი. თუ ბაზას სხვა რეგიონში გადავიტანთ, ეს წინადადება იმავე დღეს შეიცვლება და ცვლილებას იმავე წესით გაცნობებთ, რომლითაც პირობების შეცვლას (იხ. როგორ იცვლება ეს პირობები). გვერდი, სადაც ძველი ქვეყანა წერია, უარესია, ვიდრე გვერდი, სადაც არაფერი წერია.

რა უნდა უთხრათ თქვენს კლიენტს

ეს ნაწილი თქვენზეა და არა ჩვენზე: კითხვას სწორედ თქვენ დაგისვამენ. სამი რამ, რაც ჩვენი მხრიდან ცნობილია:

  • რომ პროგრამას ესაუბრება. საიტის ვიჯეტს ნაგულისხმევად ჩვენი წარწერა აწერია; კორპორატიულ პაკეტში ეს წარწერა იხსნება — და მაშინ იმის თქმა, რომ მეორე მხარეს ადამიანი არ ზის, მთლიანად თქვენზეა.
  • რომ მიმოწერა ინახება და რომ მას თქვენი გუნდი ხედავს.
  • სად მოგმართოს, თუ თავისი მონაცემის წაშლა უნდა. თუ ის პირდაპირ ჩვენ მოგვწერს, უპასუხოდ არ დარჩება — იხ. როგორ მოითხოვება მონაცემის წაშლა.
4

მომსახურების პირობები

რას ჰპირდება ეს სერვისი, რას — არა, და რა ხდება მაშინ, როცა ასისტენტი ვერ უმკლავდება.

ასისტენტი პროგრამაა და შეიძლება შეცდეს

ასისტენტს პირდაპირ ეკრძალება ფასის, სამუშაო საათის, მარაგის თუ სერვისის მოგონება — ის მხოლოდ იმას ამბობს, რაც კაბინეტში ჩაწერეთ, და როცა პასუხი არ აქვს, ამის თქმა ევალება. ამის მიუხედავად, ენის მოდელი შეიძლება შეცდეს ან ისე ჩამოაყალიბოს ფრაზა, როგორც არ გინდოდათ.

ამიტომ ის, რასაც ასისტენტი თქვენს კლიენტს ეუბნება, თქვენი სიტყვაა.

ვინ რაზეა პასუხისმგებელი

  • თქვენ — იმაზე, რასაც ასისტენტი ამბობს. ცოდნის ბაზას თქვენ ავსებთ, ფასს თქვენ წერთ, მიმოწერას ხედავთ და ასისტენტს ნებისმიერ წამს თიშავთ. გარიგება თქვენსა და თქვენს კლიენტს შორისაა: ის, რასაც სთავაზობთ, მიტანა, გარანტია და პრეტენზია თქვენია.
  • ჩვენ — იმაზე, რომ სერვისი ისე მუშაობდეს, როგორც აქ წერია. გადახდა ისე ჩამოიჭრას და მონაცემი ისე შეინახოს, როგორც ამ გვერდზეა აღწერილი.
  • დაკარგულ გაყიდვას არ ვანაზღაურებთ. მიუღებელი მოგება, შეფერხების გამო წასული მომხმარებელი და სხვა არაპირდაპირი ზიანი ჩვენს პასუხისმგებლობაში არ შედის.
რატომ ასე

იმიტომ რომ თქვენს ფასს, მარაგსა და დაპირებას ჩვენ ვერ ვამოწმებთ — მათ თქვენ წერთ. ერთადერთი გზა, ჩვენ რომ პასუხი გვეგო იმაზე, რასაც ასისტენტი ამბობს, ის იქნებოდა, რომ ცოდნის ბაზა ჩვენვე შეგვევსო. სწორედ ეს არის მართული ასისტენტი და ის ცალკე იყიდება.

ვინ შეიძლება იყოს მომხმარებელი

  • ბიზნესი. სერვისი ბიზნესისთვისაა და ანგარიშსაც ბიზნესის სახელით ხსნით — რეგისტრაციისას სწორედ ამას გეკითხებით.
  • სრულწლოვანი და უფლებამოსილი ადამიანი. ვინც ანგარიშს ხსნის, იმას უნდა შეეძლოს ამ ბიზნესის სახელით ვალდებულების აღება.
  • ლარით მოქმედი ბარათი. ბარათი, რომელიც ლარით ვერ იხდის, გამოწერას ვერ გახსნის.
  • თქვენი შესვლა თქვენია. პაროლს თქვენ ინახავთ და თქვენი შესვლით შესრულებული მოქმედება თქვენად ითვლება. გუნდის წევრს კაბინეტიდან ამატებთ და ის თქვენი სახელით მოქმედებს.

რისთვის არ შეიძლება ასისტენტის გამოყენება

სია გრძელი არაა და გამონაკლისს არ ითვალისწინებს:

  • კანონის დარღვევა — აკრძალული საქონლისა თუ მომსახურების შეთავაზება, თაღლითობა, სხვისი სახელით მოქმედება.
  • უცხო მონაცემი. ცოდნის ბაზაში ან კატალოგში ისეთი მონაცემის ატვირთვა, რომლის დამუშავების უფლებაც არ გაქვთ.
  • დაუკითხავი დაგზავნა. გზავნილი მათთვისაა, ვინც თქვენს ასისტენტს თავად მოგწერათ — და არა ნაყიდი ან სხვაგან შეგროვებული სიისთვის.
  • მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ასისტენტის ცოცხალ თანამშრომლად გასაღება — მით უმეტეს კონკრეტული ადამიანის სახელით — დაუშვებელია. თუ ჩვენი წარწერა კორპორატიულ პაკეტში მოხსენით, იმის თქმა, რომ მეორე მხარეს პროგრამაა, თქვენზე გადადის.
  • შეურაცხყოფა და ზიანი. ასისტენტი ვერ გახდება მუქარის, შევიწროების ან სიძულვილის გავრცელების საშუალება.
  • სისტემაზე თავდასხმა. ლიმიტის გვერდის ავლა იდენტიფიკატორის მონაცვლეობით, მანქანური ტრაფიკი, სერვისზე წვდომის გადაყიდვა შეთანხმების გარეშე, კოდის დაშლის მცდელობა.

ჩვენი წესის გარდა, თითოეულ არხს — Telegram-ს, Meta-ს, გადახდის სისტემას — თავისიც აქვს. მათი დარღვევისას გვერდი ან ანგარიში ჩვენგან დამოუკიდებლად შეიძლება დაიბლოკოს, და ამის გაუქმება ჩვენს ხელში აღარაა.

რა მოჰყვება დარღვევას

  • ჯერ გწერთ. ჩვეულებრივ ჯერ შეტყობინებას იღებთ — კონკრეტული მითითებით და გამოსასწორებელი ვადით.
  • თუ ლოდინი ზიანს ნიშნავს, ჯერ ვთიშავთ და მერე გიხსნით. კანონის აშკარა დარღვევა, სისტემაზე თავდასხმა ან არხისა თუ გადახდის სისტემის მოთხოვნა ის შემთხვევებია, როცა ასისტენტს მაშინვე ვაჩერებთ და მიზეზს ამის შემდეგ გწერთ.
  • განმეორება ან გამოუსწორებელი დარღვევა — ხელშეკრულების შეწყვეტა, ქვემოთ აღწერილი წესით.
  • გამორთვა თავისთავად მონაცემს არ შლის. წაშლა მხოლოდ იმ წესით ხდება, რაც გადახდის შეწყვეტის თავშია აღწერილი.
რატომ ასე

იმიტომ რომ წესი, რომელსაც არასდროს ვიყენებთ, წესი არაა, ხოლო წესი, რომელიც უსიტყვოდ თიშავს, თვითნებობად იკითხება. ამიტომ ორივე მხარეს ვიცით, რომელი შემთხვევაა რომელი.

და იმიტომ, რომ ერთი ბიზნესის ბოროტად გამოყენება დანარჩენებამდე დაბლოკილი არხისა და შეჩერებული გადახდის სახით მიდის — მათ კი ამაში წილი არ მიუძღვით.

შეწყვეტა — თქვენი და ჩვენი ინიციატივით

  • თქვენ — ნებისმიერ დროს, კაბინეტიდან. გადახდილი პერიოდი ბოლო დღემდე თქვენი რჩება.
  • ჩვენ, გადაუხდელობის გამო — მას შემდეგ, რაც ბარათის ცდის ვადა ამოიწურება. მანამდე არაფერს ვთიშავთ.
  • ჩვენ, დარღვევის გამო — ზემოთ აღწერილი წესით.
  • ჩვენ, სხვა მიზეზით. თუ სერვისს ან რომელიმე პაკეტს ვწყვეტთ, ამას არანაკლებ ერთი თვით ადრე გატყობინებთ, შეწყვეტის შემდეგ აღარაფერს ჩამოგჭრით, ხოლო გადახდილი, მაგრამ გამოუყენებელი პერიოდის თანხას იმავე მოთხოვნის წესით დაგიბრუნებთ — აქ უარს არ ვამბობთ.

ყველა შემთხვევაში მონაცემის ჩამოტვირთვა წასვლამდე შეგიძლიათ, იმ ფარგლებში, რაც მონაცემების თავშია აღწერილი.

როგორ იცვლება ეს პირობები

პროდუქტი იცვლება და პირობებიც შეიცვლება. წესი ერთია: ცვლილება ინვოისიდან არ უნდა გაიგოთ.

  • არსებითი ცვლილება — ფასის მომატება, ლიმიტის შემცირება ან ნებისმიერი წესი, რომელიც თქვენს მდგომარეობას ამძიმებს: არანაკლებ ორი კვირით ადრე, ანგარიშის ელ-ფოსტაზე, ძალაში შესვლის თარიღის მითითებით.
  • დანარჩენი — ფორმულირების დაზუსტება, ახალი არხი, ახალი შესაძლებლობა: ძალაში მაშინვე შედის.
  • უკვე გადახდილს არ ეხება. ახალი ფასი მომდევნო გადახდიდან მოქმედებს; მიმდინარე პერიოდი იმ პირობით სრულდება, რომლითაც დაიწყო.
  • თუ არ გეთანხმებათ — ძალაში შესვლამდე გააუქმეთ გამოწერა; გადახდილი პერიოდი მაინც ბოლო დღემდე თქვენია. თუ ამის შემდეგ სარგებლობას აგრძელებთ, ეს ახალ პირობებზე თანხმობად ითვლება.

ადამიანთან გადაბარება

როცა მომხმარებელი ადამიანს ითხოვს, ბრაზდება ან ისეთ რამეს კითხულობს, რაზეც ასისტენტს პასუხი არ აქვს, ის საუბარს ადამიანს აბარებს და თქვენ შეტყობინებას გიგზავნით — ერთხელ. აღარ გიმეორებთ და აღარ გაწუხებთ.

თუ ასისტენტზე მართვის სერვისი ჩართულია, 60 წუთი გავიდა და კლიენტს მაინც არავინ გამოეხმაურა, საქმე ჩვენთან მოდის — ისიც ერთხელ. მართვის სერვისის გარეშე ეს შეტყობინება ჩვენ არ მოდის: გადაბარების შესახებ მხოლოდ თქვენ გატყობინებთ.

რატომ მხოლოდ მართვის სერვისით

ერთი საათი სიჩუმე ხშირად იმას ნიშნავს, რომ შეტყობინება ადრესატამდე საერთოდ არ აღწევს. როცა ასისტენტს ჩვენ ვმართავთ, ამ დროს რეაგირება ჩვენი საქმეა. სხვა შემთხვევაში ოპერატორი თქვენ ხართ, ამიტომ დარწმუნდით, რომ შეტყობინება თქვენს ელ-ფოსტაზე აღწევს — იხ. ქვემოთ.

სად მოგდით შეტყობინება

იქ, სადაც კაბინეტში მიუთითეთ. თუ არსად მიგითითებიათ, შეტყობინება ასისტენტის მფლობელის დადასტურებულ ელ-ფოსტაზე მიდის. ცარიელი ველი „არავის ატყობინოთ“ არ ნიშნავს.

თუ მფლობელის ელ-ფოსტა ჯერ დადასტურებული არ არის და კაბინეტშიც არაფერი წერია, შეტყობინებას არავინ მიიღებს. ჩვენთან ის მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ასისტენტზე მართვის სერვისი ჩართულია. ასეთ დროს კაბინეტის შეტყობინებების პარამეტრებში ეს წითლად ჩანს და იქვე ეწერა, როგორ გამოასწოროთ.

მართული ასისტენტი

ეს ცალკე შესაძენი სერვისია და ერთ ასისტენტზეა გათვლილი. მასში ის შედის, რაც ადამიანის დროა: ცოდნის ბაზას ჩვენ ვავსებთ, არასწორ პასუხს ვასწორებთ და თვალს ვადევნებთ, რომ კლიენტი უპასუხოდ არ დარჩეს.

არც ერთ პაკეტში არ შედის — არც კორპორატიულში. აქ ადამიანის საათი იყიდება, საათი კი დიდი კონტრაქტის გამო არ იაფდება.

ვის მიდის შეტყობინება. როცა სერვისი ჩართულია და ასისტენტი მუშაობს, გადაბარების შეტყობინება, რომელსაც ბიზნესის მხრიდან არავინ იღებს, ჩვენთან მოდის. თუ კლიენტს 60 წუთის განმავლობაში არავინ გამოეხმაურა, ამის შესახებ ჩვენ ერთხელ ვიგებთ — მაშინაც, თუ შეტყობინება თქვენ მოგივიდათ. სერვისი ჩართულად ითვლება, სანამ გადახდილია, მათ შორის გადახდის შეღავათის ვადაში და გაუქმების შემდეგ — გადახდილი პერიოდის ბოლომდე. სერვისის ან ასისტენტის გამორთვის შემდეგ ეს შეტყობინება ჩვენ აღარ მოდის.

როდის ვმუშაობთ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00–19:00, თბილისის დროით. შაბათი, კვირა და უქმე დღე სამუშაო დღედ არ ითვლება — ისევე, როგორც თანხის დაბრუნების ვადაში.

ეს ჩვენი ადამიანის სამუშაო დროა და არა ასისტენტის. ასისტენტი ღამითაც პასუხობს, ხოლო გადაბარების შეტყობინება და ჩვენთან მისი გადმოსვლა ავტომატურია — ის საათს არ უყურებს და ამ გრაფიკზე არ არის დამოკიდებული. სამუშაო დროს გარეთ დაწერილი მოთხოვნა არ იკარგება: მას მომდევნო სამუშაო დღის დასაწყისში ვიღებთ და ვადის ათვლაც სწორედ იქიდან იწყება. თუ ღამით საქმე ჩვენამდე ავიდა, ის ჩვენთან რჩება; უბრალოდ, ადამიანი მას დილით შეხედავს.

რა ვადაში ვასწორებთ. არასწორ პასუხს ერთ სამუშაო დღეში ვასწორებთ. ათვლა მაშინ იწყება, როცა პრობლემა ჩვენთვის ცნობილი ხდება — სულერთია, თქვენ მოგვწერეთ თუ ჩვენ თვითონ შევამჩნიეთ.

ეს იმ ხარვეზზეა ნათქვამი, როცა ასისტენტი მუშაობს, ოღონდ არასწორად პასუხობს. თუ ის საერთოდ არ პასუხობს, ამ ვადას ეს არ ეხება — ასეთ დროს მოქმედებს უწყვეტი მუშაობის შესახებ წესი.

თუ ამ ვადას გავცდით. დაგვიანების ყოველ დღეზე ამ სერვისის საფასურს ვაბრუნებთ — იმდენს, რამდენიც დაგვიანებას ხვდება.

  • საიდან სადამდე ვთვლით. ათვლა იქიდან იწყება, სადაც შესწორების ვადა ამოიწურა, და მაშინ ჩერდება, როცა შესწორება შესრულებულია. ამ მონაკვეთში მოქცეული ყოველი სამუშაო დღე ერთ დღედ ითვლება — ისიც, რომელიც ბოლომდე არ გასულა: დაწყებული დღე თქვენს სასარგებლოდ მრგვალდება. ამიტომ საათი აქ არავის სჭირდება — თარიღი ორივე მხარეს ერთსა და იმავე რიცხვამდე მიგვიყვანს.
  • რამდენს ვაბრუნებთ. დაგვიანების ყოველ დღეზე — ერთი დღის საფასურს. ერთი დღის საფასური ისე გამოითვლება: ამ სერვისის თვიური თანხა იყოფა იმაზე, თუ რამდენი სამუშაო დღეა იმ თვეში. ჯამში იმაზე მეტს ვერ დაგიბრუნებთ, ვიდრე იმ თვეში ამ სერვისში გადაიხადეთ.
  • როგორ ბრუნდება. თანხა იმავე ბარათზე ბრუნდება, საიდანაც გადაიხადეთ, და ინვოისებში ცალკე სტრიქონად ჩნდება — ისევე, როგორც დაბრუნების დროს. მომდევნო ინვოისში ჩათვლად არ გადაგვაქვს: მომდევნო გადახდა პაკეტისა და სერვისის ფასისგან იკრიბება და ცალკე ფასდაკლებას მასში ვერსად ჩავწერთ, დაბრუნებული თანხა კი ამონაწერშივე ჩანს.
  • მოთხოვნას არ ველოდებით. აქ თქვენ არაფრის დამტკიცება არ გიწევთ: ორივე თარიღი ჩვენთანაა და დაბრუნებას თვითონ ვიწყებთ. თუ არ დაგიბრუნეთ, მოგვწერეთ — დავიწყება ვალდებულებას არ აუქმებს.
რატომ თანხა და არა უფასო თვე

იმიტომ რომ აქ სერვისი მუშაობდა და მხოლოდ ის ნაწილი ჩამორჩა, რომელშიც ცალკე იხდით — ამიტომ სამაგიეროც ზუსტად იმდენია, რამდენიც ჩამორჩა.

და იმიტომ, რომ ასე დათვლა კამათს არ ტოვებს. „რამდენ ხანს პასუხობდა ცუდად" ფაქტი არაა, ვადის ამოწურვა და შესწორების მომენტი კი ორივე ფაქტია, და მათ შორის მოქცეული დღე ისევე დასათვლელია, როგორც კალენდარში.

უწყვეტ მუშაობას არ გპირდებით

ასისტენტი მარტო ჩვენზე არ დგას: მას სჭირდება ენის მოდელის მომწოდებელი, ის არხი, სადაც მოგწერენ, სერვერი, სადაც სისტემაა განთავსებული, და გადახდის სისტემა. რომელიმეს გაჩერება ასისტენტსაც აჩერებს — და ეს ის ნაწილია, რომელსაც ჩვენ ვერ ვმართავთ.

ამიტომ ხელმისაწვდომობის პროცენტს ამ წესებით თავზე არ ვიღებთ. სამაგიეროდ, სისტემის მიმდინარე მდგომარეობა ღიად ჩანს სტატუსის გვერდზე, ხოლო დაგეგმილ სამუშაოს, რომელიც შეფერხებას გამოიწვევს, წინასწარ გაცნობებთ.

რატომ ასე

იმიტომ რომ დაპირება, რომლის შესრულებაც ოთხ სხვა კომპანიაზეა დამოკიდებული, დაპირება კი არა, სურვილია.

მოქმედი სამართალი და დავა

ამ პირობებს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს, დავა კი, თუ მოლაპარაკებით ვერ დასრულდა, თბილისში განიხილება.

ეს წესი ერთია ყველასთვის. თუ ანგარიში სხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიას აქვს, მისთვის ცალკე რეჟიმს არ ვქმნით — იმავე კანონითა და იმავე ადგილას წყდება მისი დავაც.

რატომ ასე

იმიტომ რომ სერვისი აქ მუშაობს და აქვე იხდის გადასახადს. ორი განსხვავებული სამართალი ერთსა და იმავე ხელშეკრულებაზე იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე პუნქტი ორ სხვადასხვა პასუხს იძლევა — და პასუხს ისევ იურისტი ეძებს, მაშინაც კი, როცა დავა პატარაა.

5

კონფიდენციალურობა

ეს თავი ერთ კითხვას პასუხობს: რა ვიცით ადამიანზე, რატომ და რა შეუძლია მას ამის თაობაზე. ადამიანი კი ორია — თქვენ, ვინც ანგარიში გახსნა, და ის, ვინც თქვენს ასისტენტს მისწერა. მათი მდგომარეობა ერთი და იგივე არაა, ამიტომ ქვემოთ ცალ-ცალკე წერია.

ვინ ვართ და სად მოგვწერთ

სერვისს botai.ge-ზე საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე ეწევა — ინდივიდუალური მეწარმე ვენედი მომცელიძე, ს/კ 01001100019, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ამბროლაური, ნიკო ფიროსმანის I ჩიხი, N 4. მონაცემთან დაკავშირებული ყველა კითხვა ერთსა და იმავე მისამართზე მოდის — hello@botai.ge.

ამ თავს იგივე კანონი არეგულირებს, რაც დანარჩენ პირობებს, და დავაც იმავე ადგილას განიხილება — იხ. მოქმედი სამართალი და დავა. მეორე რეჟიმს აქ არ ვქმნით.

ორი ადამიანი, ორი როლი

თქვენს მონაცემზე გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ: ჩვენ ვწყვეტთ, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ანგარიში იმუშაოს და საფასური აიღოს.

თქვენი კლიენტის მონაცემზე კი გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ, ჩვენ კი მას მხოლოდ თქვენი დავალებით და მხოლოდ თქვენთვის ვამუშავებთ. ეს უკვე დაწერილია და აქ თავიდან არ იწერება — იხ. დამმუშავებელი თქვენ ხართ, უფლებამოსილი პირი — ჩვენ.

რა გვაქვს თქვენზე, ვინც ანგარიში გახსენით

  • ელ-ფოსტა, რომლითაც შემოხვედით. ის ანგარიშის სახელიცაა და დამადასტურებელი ბმულიც მასზე იგზავნება. პაროლს არ ვინახავთ: ინახება მისგან გამოთვლილი ჩანაწერი, რომლისგანაც პაროლი უკან ვერ აღდგება.
  • პაკეტი, გამოწერა და გადახდის ისტორია — რა შეიძინეთ, როდის და რა თანხად. ბარათის ნომერი აქ არაა: მას გადახდის სისტემა ინახავს და ჩვენამდე არ აღწევს (იხ. გადახდა და ბარათი).
  • შესვლის სესია. კაბინეტში შესვლისას ბრაუზერს რჩება ერთი ქუქი, რომელიც მხოლოდ იმას ამბობს, რომ თქვენ ხართ შესული. თვალის მისადევნებელი ქუქი, სარეკლამო პიქსელი და გარე ანალიტიკა ამ საიტს არ აქვს.
  • ის, რაც საიტიდან თავად დაგვიტოვეთ — გამართვის განაცხადში ჩაწერილი სახელი, ტელეფონი და ელ-ფოსტა, იმისთვის რომ დაგიკავშირდეთ.

რა გვაქვს თქვენს კლიენტზე

ჩამონათვალს მეორედ არ ვწერთ — იხ. „რას ვინახავთ“. რაც იქ წერია, ზუსტად ის გამოდის ერთ ფაილად, როცა კაბინეტიდან ერთი ადამიანის ამონაწერს ითხოვთ, და ზუსტად იგივე იშლება, როცა წაშლას აჭერთ.

რატომ ერთი სია და არა ორი

იმიტომ რომ ამონაწერსა და წაშლას ერთი და იგივე ადგილი განსაზღვრავს. თუ ეს ორი სია ერთმანეთს დაშორდება, ან ისეთ რამეს გაჩვენებთ, რასაც ვერ შლით, ან — რაც უარესია — ისეთს წაშლით, რაც ამონაწერში არასდროს გინახავთ.

რისთვის გვჭირდება

  • რომ ასისტენტმა უპასუხოს და ანგარიშმა იმუშაოს.
  • რომ საფასური აიღოს და ინვოისი დაიწეროს.
  • რომ ხარვეზი და ბოროტად გამოყენება დავინახოთ — და მოვახერხოთ პასუხი.
  • რომ დაგიკავშირდეთ მაშინ, როცა თქვენ მოგვმართეთ.

რაც ამ ჩამონათვალში არ წერია, არც ხდება: მონაცემს არავის ვყიდით, სარეკლამო მიზნით არ ვამუშავებთ და სხვისი ასისტენტის სასწავლად არ ვიყენებთ.

ვის ხელში გაივლის ეს ტექსტი

  • ენის მოდელის მომწოდებელი — უამისოდ პასუხი არ არსებობს. რა იგზავნება და რა არა, ზემოთ წერია: იხ. „პასუხს ენის მოდელი წერს, და ის ჩვენი არ არის“.
  • ბაზა, რომელშიც ეს ყველაფერი წევს — ევროკავშირში, ირლანდიაში (იქვე, ქვემოთ).
  • გადახდის სისტემა — ბარათი მასთანაა და არა ჩვენთან.
  • ის არხი, რომლითაც თქვენს კლიენტს გელაპარაკებით — Messenger, Instagram, WhatsApp, Telegram თუ საიტის ჩატი. შეტყობინება ჯერ არხს გაივლის და მერე ჩვენამდე მოდის; არხთან ის მისივე წესით მუშავდება და ეს ჩვენი გასაკონტროლებელი არაა.
  • Google (Google Calendar) — თუ კალენდარი დაკავშირებული გაქვთ. ჯავშნისას თქვენს კალენდარში ჩანაწერი იქმნება და მასში ჯავშნის დეტალი ჩაიწერება: მომსახურება, დრო, კლიენტის სახელი და ტელეფონი, არხი და, თუ კლიენტმა ითხოვა, სპეციალისტის სახელი. ეს ჩანაწერი Google-ის სერვერზე ინახება და Google-ის წესით მუშავდება.
  • ელ-ფოსტის გამგზავნი სერვისი — შეტყობინებისა და დამადასტურებელი ბმულის გასაგზავნად.
რატომ ვასახელებთ

იმიტომ რომ „მესამე პირს არავის გადავცემთ“ იმ გვერდზეც წერია, სადაც ეს სიმართლე არაა. კითხვა, რომელსაც ადამიანი მართლა სვამს, სხვაა: ვის ხელში გაივლის ჩემი ტექსტი. ეს სია სწორედ იმ კითხვის პასუხია.

ორი ვადა, რომლებიც ერთმანეთს არ ცვლის

მიმოწერის ვადა თქვენია. ნაგულისხმევად ის სანამ არ წაშლით, კორპორატიულ პაკეტში კი იმდენ ხანს, რამდენსაც თავად დააყენებთ. რიცხვები ზემოთ წერია — იხ. „რამდენ ხანს ვინახავთ“ — და აქ არ მეორდება.

ჩვენი ტექნიკური ჩანაწერი კი ჩვენია და სულ სხვა რამაა: აღრიცხვა იმისა, რომ შეტყობინება მივიღეთ, დროებითი მრიცხველი და მისთანა — რაც იმისთვის არსებობს, რომ ერთი და იგივე შეტყობინება ორჯერ არ დამუშავდეს. მას ჩვენივე ვადით ვასუფთავებთ.

რატომ ვმიჯნავთ

იმიტომ რომ ორივეს სახელში „შენახვის ვადა“ ისმის და ადვილი დასაჯერებელია, რომ ერთი მეორეს განაგებს. არ განაგებს: ასისტენტზე დაყენებული ვადა თქვენი კლიენტის მიმოწერას ეხება და ჩვენს ტექნიკურ ჩანაწერს არ სწვდება; ჩვენი ვადა კი პირიქით — თქვენს მიმოწერას არ ეხება.

რა შეგიძლიათ მოითხოვოთ

თქვენ, ანგარიშის მფლობელს: ერთი ადამიანის ამონაწერიც და მისი წაშლაც კაბინეტში, ერთსა და იმავე ეკრანზეა (იხ. „რას იღებთ უკან“). იქვეა მთელი ანგარიშის დახურვაც.

თქვენს კლიენტს: მისი მოთხოვნა პირველად თქვენთან მიდის და თქვენ მას იმავე ღილაკებით პასუხობთ. თუ ის პირდაპირ ჩვენ მოგვწერს, უპასუხოდ არ დარჩება — მომდევნო თავი ზუსტად ამაზეა.

როცა ეს თავი შეიცვლება

ცვლილებას იგივე წესი აქვს, რაც დანარჩენ პირობებს (იხ. როგორ იცვლება ეს პირობები). აქ დაწერილი ყოველი წინადადება იმას აღწერს, რასაც სისტემა დღეს რეალურად აკეთებს — შეიცვლება ქცევა, შეიცვლება წინადადებაც.

6

როგორ მოითხოვება მონაცემის წაშლა

ეს თავი მხოლოდ ერთ რამეს ხსნის: რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, თუ უნდა, რომ მასზე შენახული აღარაფერი დარჩეს. გზა ორია და ორივე მუშაობს.

თუ ბიზნესის ასისტენტს მისწერეთ

თუ Messenger-ში, Instagram-ში, WhatsApp-ში, Telegram-ში ან საიტის ჩატში მაღაზიას, სალონს თუ კლინიკას ესაუბრეთ, თქვენს მონაცემზე გადაწყვეტილებას ის ბიზნესი იღებს და არა ჩვენ: ჩვენ მას ინსტრუმენტს ვაძლევთ და მისივე დავალებით ვმოქმედებთ (იხ. ვინ რა როლშია).

ამიტომ ყველაზე მოკლე გზა თავად იმ ბიზნესთან მიწერაა. მის კაბინეტში ღილაკია, რომელიც თქვენს ჩანაწერს ერთი მოქმედებით შლის — და იქვე მეორეა, რომლითაც ჯერ ამონაწერს დაგიბრუნებთ, თუ ჯერ ნახვა გინდათ და მერე წაშლა.

თუ პირდაპირ ჩვენ მოგვწერთ

არავის ვაბრუნებთ იმის თქმით, რომ „ეს ჩვენი საქმე არაა“. თუ ბიზნესამდე მისვლა ვერ მოახერხეთ, პასუხი ვერ მიიღეთ ან უბრალოდ ჩვენთან გირჩევნიათ — მოგვწერეთ.

სად მოგვწეროთ

hello@botai.ge — ცოცხალი მისამართია და მას ვკითხულობთ.

რომ გიპოვოთ, წერილში ეს უნდა ეწეროს:

  • რომელ ასისტენტს ან გვერდს მისწერეთ — ბიზნესის სახელი ან იმ გვერდის სახელი, რომელსაც ესაუბრეთ.
  • რომელი არხიდან — Messenger, Instagram, WhatsApp, Telegram თუ საიტის ჩატი. ერთი და იგივე ადამიანი ორ არხზე ორი სხვადასხვა ჩანაწერია, ამიტომ არხის გარეშე ვერ მოიძებნება.
  • რა სახელით ან რომელი ანგარიშით წერდით — ის სახელი ან მომხმარებლის სახელი, რომლითაც ჩატში გამოჩნდით.
  • რა გინდათ — მხოლოდ ამონაწერი, თუ წაშლა.

მეტს არ გკითხავთ. გვჭირდება მხოლოდ იმდენი, რომ ჩანაწერი დანამდვილებით ვიპოვოთ და სხვისი არ წავშალოთ.

მიღებას იმავე მისამართიდან გიდასტურებთ, მოთხოვნას იმ ბიზნესს გადავცემთ, ვისაც ეს ჩანაწერი ეკუთვნის, და შესრულების შემდეგ გატყობინებთ.

რატომ არ წერია აქ დღეების რიცხვი

იმიტომ რომ ასეთ ვადას ამ სისტემაში ვერაფერი ზომავს, გამოგონილი რიცხვი კი დაპირება არ არის — ლამაზი წინადადებაა. რასაც გპირდებით, ისაა, რომ მოთხოვნა არც უპასუხოდ დარჩება და არც შეუსრულებელი.

რას ნიშნავს წაშლა

ერთი ადამიანის წაშლისას ქრება:

  • მიმოწერა — მთლიანად.
  • ჯავშანი — და თუ ის კალენდარშიც დაიდო, კალენდრიდანაც უქმდება, თუ Google Calendar-თან კავშირი ამ დროს აქტიურია.
  • ოპერატორთან გადაბარების ისტორია.
  • შეფასება.
  • მოლოდინის სია.
  • CRM ჩანაწერი — ეტაპიც, თანამშრომლის მიერ დაწერილი შენიშვნაც და ის სახელი, ტელეფონი და ინტერესიც, რომლებიც ასისტენტმა მიმოწერისას ჩაინიშნა.
  • შეხსენების ჩანაწერი — ასისტენტმა ერთხელ თავად მოგწერათ თუ არა, როცა მიმოწერა შუაში შეწყდა.
  • საიტის ჩატში ხელით დაწერილი ელ-ფოსტა, თუ დაგვიტოვეთ.

წაშლა საბოლოოა: უკან დასაბრუნებელი ღილაკი არც თქვენთან არსებობს და არც ჩვენთან, აღდგენის გზას კი ეს პროდუქტი არ იცნობს.

თუ საიტის ფორმა შეავსეთ

ზემოთ დაწერილი იმ ჩანაწერს ეხება, რომელიც ბიზნესის ასისტენტთან საუბრისას შეიქმნა. botai.ge-ზე შევსებული ფორმა სხვა რამეა: ის პირდაპირ ჩვენთან მოდის და არა ბიზნესთან — სახელი, ელ-ფოსტა, ტელეფონი, კომპანია და ის, რაც თავად დაწერეთ. ეს ჩანაწერი ანგარიშს არ უკავშირდება, ამიტომ კაბინეტში ღილაკს ვერ ნახავთ.

წაშლა მაინც შეგიძლიათ, ოღონდ ცოცხალ ადამიანზე გადის: hello@botai.ge — მოგვწერეთ იმავე მისამართიდან ან იმავე ნომრიდან, რომლითაც ფორმა შეავსეთ, და იმ კონტაქტიდან მოსულ ყველა მიმართვას წავშლით, არა მხოლოდ ბოლოს.

ღილაკს, რომელშიც ნებისმიერი მისამართის ჩაწერა შეიძლება, განზრახ არ ვდებთ: ასეთი ღილაკით სხვისი მიმართვის წაშლა ყველას შეეძლებოდა.

და თუ საერთოდ არ მოგვწერეთ, სამუდამოდ მაინც არ დაგვრჩება: მიმართვა, რომელსაც საქმე აღარ მოჰყოლია, ვადის გასვლის შემდეგ თავისით იშლება და თხოვნას არ ელოდება.

ანგარიშის დახურვა სხვა მოთხოვნაა

ზემოთ დაწერილი თქვენს კლიენტს ეხება. თუ თქვენ თვითონ ხართ ჩვენი კლიენტი და მთელი ანგარიშის დახურვა გინდათ, ეს კაბინეტშივეა და პაროლს ითხოვს. ის მართლა შლის და არ მალავს:

  • თქვენს ასისტენტს — თითოეულს.
  • მათ მიმოწერას.
  • ჯავშნებს.
  • ოპერატორთან გადაბარებასა და შეფასებას.
  • მოლოდინის სიას.
  • CRM-ის ჩანაწერს — კლიენტის ეტაპსაც და მასზე დაწერილ შენიშვნასაც.
  • საიტის ჩატში ხელით დატოვებულ ელ-ფოსტის მისამართს.
  • ცოდნის ბაზას — და იმ პასუხებსაც, რომლებიც კარგად მიგაჩნდათ და შესანახად მონიშნეთ.
  • მხარდაჭერაში დაწერილ მიმართვას.
  • ასისტენტის შიდა ჩანაწერს — დღიური გამოყენების რიცხვსა და პარამეტრების ისტორიას.
  • გამოწერას, გუნდის წევრობას, ყველა გახსნილ სესიასა და თავად ანგარიშს.

გადახდის ჩანაწერი ამ სიაში არ შედის — ის ბუღალტრული ჩანაწერია და ანგარიშთან ერთად არ იშლება.

რაც ამ სიაში არ წერია, ანგარიშის დახურვით არ იშლება. თუ მისი წაშლაც გინდათ, მოგვწერეთ — ხელით წავშლით.